საზოგადოება
01.07.2025 12:18
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროეტს, რომელიც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას დაარეგულირებს

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომების ფარგლებში, დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის უფლება მხოლოდ იმ იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მართვაში მყოფი სუბიექტის მიერ.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის სამივე მოსმენით განხილვა დაგეგმილია მიმდინარე კვირაში.

პროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საბითუმო რეალიზაცია და იმპორტი, ასევე ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის პრეროგატივა იქნება.

რაც შეეხება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მარაგებს, კანონის ამოქმედების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების არსებული მარაგები საბითუმო რეალიზატორებმა 2026 წლის 1-ელი მარტისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სუბიექტს სასყიდლით უნდა გადასცენ.

ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს დაევალებათ განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები 2026 წლის 1-ელ მარტამდე დაწყებული და მიმდინარე ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.

კვირის ამბები