გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში „საზაფხულო სკოლა“ იხსნება.
საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ.
ორგანიზატორების თქმით, საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 7 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მეცადინეობები კვირაში 4 დღე (ორშაბათი-ხუთშაბათი), 11:00-დან 13:00 საათამდე ჩატარდება.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა როგორც ელექტრონულად, ასევე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში (სუხიშვილის №20) შეუძლიათ. პროცესი 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით იწარმოებს და პროექტში მონაწილეობის მსურველთა 20 განაცხადი მიიღება.
„საზაფხულო სკოლის აქტივობები სიმონ I-ის ქუჩა №1-ში (გორის ციხის მიმდებარე ტერიტორია)ჩატარდება. რაც შეეხება პროექტის მიზანს, მოზარდებისათვის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტი მოიცავს შემეცნებით აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
საზაფხულო სკოლის პროექტს, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს.