შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ხორციელდება, რაც შენობის სრულ განახლებას გულისხმობს. პროექტის მიხედვით შეიცვლება კომუნიკაციები, გამაგრდება ნაგებობა და ისტორიული აივნები, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა ინტერიერს. სამუშაოების დასრულება კი 2026 წელს იგეგმება.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თეა ონიანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, სააგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუზეუმის თანამშრომლები ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული და ტურისტული ადგილია კასპის მუნიციპალიტეტში, რომელსაც არაერთი დამთვალიერებელი სტუმრობს.
მისი თქმით, კომპლექსის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოგზაურთა ინტერესი მუზეუმის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს როგორც ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას, ისე სახლ-მუზეუმის პოპულარიზაციას.
აღსანიშნავია, რომ შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. სამუშაოებს კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.