საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შიდა ქართლში მიმდინარე წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
კომპანიის დირექტორმა დავით კვინიკაძემ, მხარის რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, ასევე, იმსჯელა სამომავლო გეგმებზეც.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად რეგიონში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ხუთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 98 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად, 2025-2027 წლებში იგეგმება.
„პროექტების დასრულების შემდეგ 19 000-მდე ბენეფიციარი სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით და 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, - აცხადებენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.