საზოგადოება
27.06.2025 12:11
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები ეფექტიანი გახდება - პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება, გამარტივდება და უფრო ეფექტიანი გახდება კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები, უზრუნველყოფილი იქნება ეკონომიკური საქმიანობების შეუფერხებლად განხორციელება.

მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შეტანილი ცვლილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების და გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურები. გარდა ამისა, კოდექსი მიმართულია შესაბამისი ბიზნესოპერაციების გამარტივებისკენ. კოდექსში შეტანილი ცვლილება ადგენს გადაწყვეტილების მიღების მეტად მოქნილ წესს.

შეგახსენებთ, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ 2018 წლიდან ამოქმედდა და ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო აქტი იყო, რომელმაც ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული შეფასების დირექტივებს სრულად დაუახლოვა.

კვირის ამბები