გორის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი წყალმომარაგების მაგისტრალური მილების, წყლის სათავე-ნაგებობის და გორში, სადგურის დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ გორის გარდა, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოები კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტებშიც მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
„პროექტით გათვალისწინებულია საქლორატოროების და რეზერვუარების მოწყობა, წყლის სათავე-ნაგებობების, რეზერვუარების და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა მაგისტრალური მილი 8,49 კმ., წყალმომარაგების ქსელი - 46,9 კმ. და SCADA სისტემა. დამონტაჟდება აღრიცხვის კვანძებიც.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 მილიონამდე ლარით ფინანსდება და სამუშაოების დასრულება 2026 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.