საზოგადოება
26.06.2025 15:06
შიდა ქართლში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი მაისიდან 17 ივნისამდე, საქართველოს მასშტაბით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 19 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეული სპეციალური ტექნიკის რაოდენობა კი 13-ია.

„ყველაზე მეტი - 5 სამართალდარღვევა კახეთში დაფიქსირდა, 3-3 ფაქტი გამოვლინდა შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში, ქვემო ქართლში აღკვეთილია 2 სამართალდარღვევა, თითო-თითო ფაქტი კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოავლინეს.

რაც შეეხება სამართალდამრღვევთა მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობას 243 732,5 ლარია.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები