საზოგადოება
26.06.2025 15:02
საქართველოსა და საბერძნეთს შორის დადებული ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

საქართველოს და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის დადებული, ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედებისთანავე, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის AM“, „A“,„A1“, „A2“, „B“, „B1“, „C“, „D“, „C1“, „D1“, „BE“, „CE“, „DE“,„C1E“, „D1E“კატეგორიები/ქვეკატეგორიები.

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას, 2024 წლის 26 ივნისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენში მოეწერა ხელი.

შეგახსენებთ, მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს, ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.

კვირის ამბები