სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის პირველ მატჩში გორის „დილა“ „იბერიას“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა დღეს, 26 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. თამაში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე (თბილისი) ჩატარდება.
„დღევანდელ მატჩში ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ამ მომენტისთვის, ჩემპიონატის ლიდერია და მათთან ჩვენი ანგარიშები გვაქვს. რაც შეეხება ჩემს განწყობას, ძალიან მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები შედეგებს. ძალიან კარგი შანსია როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე, ჩემთვის რომ გუნდის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ და გამეხარდება თუ ამის ერთ-ერთი შემოქმედი ვიქნები. „დილას“ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავს და იმედი მაქვს, ისინი დაგვეხმარებიან დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში. ყველა ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ ვიქნებით გუნდი, რომელიც მშვიდად უყურებს როგორ იგებს ტიტულს სხვა“, - აღნიშნა „დილად“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ლონგომ.