გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი -„განათლება უკეთესი მომავლისთვის“ გრძელდება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ პროგრამაში სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მცხოვრები 14 -დან 19 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი და დევნილი მოზარდები არიან ჩართულები.
ოთხთვიანი პროექტის მიზანი კი ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაა.
„არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა ტრენინგები. გარდა ამისა, ახალგაზრდები სტუმრობდნენ სამეწარმეო დაწესებულებებსაც, სადაც მათ დამატებით მიეწოდათ ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
პროგრამის დასრულების შემდეგ, მოზარდების მიერ წარმოდგენილ იდეებს შორის საუკეთესო პროექტის იდეა დაფინანსდება.
პროექტს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემი“ ახორციელებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.