შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ავლევში, ცერნისში, კნოლევში, აბისსა და აბისისთავში, ჯამში, სამ კილომეტრამდე შიდა გზები ეწყობა. პროექტი ასფალტის საფარის და სანიაღვრე სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 308 735 ლარით ფინანსდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, ავლევსა და ცერონისში, გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში, ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილი შენდება. სამუშაოების ღირებულება კი 655 343 ლარს შეადგენს.
ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი გაეცნენ.
„მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს და როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.