სამხედრო ჰოსპიტალში წარმატებით დაინერგა თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიების თანამედროვე მკურნალობის მეთოდი - ლაპაროსკოპიული ადრენალექტომია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რეგიონში პირველად, უკვე ჩატარდა ამ ტიპის ორი ოპერაცია.
,,სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში წარმატებით დაინერგა თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიების თანამედროვე მკურნალობის მეთოდი - ლაპაროსკოპიული ადრენალექტომია.
ოპერაციები ჩატარდა უახლესი თაობის Olympus 4K ლაპარასკოპიული აპარატურის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ ხარისხს და სიზუსტეს.
ლაპაროსკოპიული მიდგომა გულისხმობს მცირე ზომის განაკვეთებს, რაც პაციენტებისთვის არაერთი უპირატესობით გამოირჩევა:
ნაკლები ოპერაციული ტრავმა
სწრაფი რეაბილიტაცია
შემცირებული ტკივილი და ჰოსპიტალიზაციის პერიოდი
ეს მეთოდი რეგიონში პირველად სამხედრო ჰოსპიტალში დაინერგა და
უკვე წარმატებით ჩატარდა ორი ოპერაცია:
ერთ შემთხვევაში — ახალგაზრდა ქალი იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნით (პარაგანგლიომა);
მეორე — 60 წელს გადაცილებული მამაკაცი, კეთილთვისებიანი სიმსივნით (5 სმ-მდე).
ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას აგრძელებს კლინიკური ონკოლოგის მეთვალყურეობით.
თირკმელზედა ჯირკვლის ლაპაროსკოპიული ადრენალექტომიის ოპერაციებს უძღვებოდა სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების ქირურგი (ზოგადი და ენდოსკოპიური ქირურგი) ბაკურ არაბული, ქირურგები: მალხაზ ქვათაძე, დავით გიორგობიანი და ანესთეზიოლოგი რამაზ გელაშვილი.
სამხედრო ჰოსპიტალი მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებასა და ახალი მეთოდების დანერგვაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ჰოსპიტალი ავრცელებს.