საზოგადოება
17.06.2025 13:08
სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერების მიზნით, STEAM განათლება დაინერგება

განათლების, მეციერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო პროგრამის - „STEAM განათლება“ განხორციელება, რაც სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერებას გულისხმობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ინოვაციური პროექტების შექმნა, მასწავლებლების გადამზადება და მხარდაჭერა, სკოლების ეტაპობრივი აღჭურვა STEAM ლაბორატორიებით და რესურსებით და STEAM გამოცდილების გაზიარება.

„აღნიშნულ პროგრამაზე, ქვეყნის მასშტაბით, დარეგისტრირდა 800-მდე მასწავლებელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვებინარები, რომლის შემდგომ ტესტირების საფუძველზე შეირჩევა 200 მასწავლებელი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ბანაკში, სადაც შეისწავლიან STEAM კლუბების მართვის პრაქტიკულ საკითხებს. მათ შორის კლუბური საქმიანობისთვის აუცილებელ უსაფრთხოების სტანდარტებს. სამუშაო შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდება STEAM მიმართულებით დავალებების შემუშავებასა და STEAM საგნების (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ვიზუალური ხელოვნება, მათემატიკა) ინტეგრირებულ სწავლებაზე. ბანაკი შესაძლებლობას მისცემს მასწავლებლებს, ჩამოაყალიბონ პროფესიული ქსელები, რომლებიც საუკეთესო საშუალება იქნება შემდგომში გამოცდილების გაზიარებისთვის“, - აცხადებენ სამინისტროში.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული ლიდერები 2025-2026 სასწავლო წლიდან საკუთარ სკოლებში დააფუძნებენ STEAM კლუბებს. წლის განმავლობაში ჩატარდება რეგულარული სამუშაო შეხვედრები ლიდერებთან, როგორც დისტანციურ, ისე პირისპირ ფორმატში. ყოველკვირეულ სამუშაო შეხვედრებზე კი მასწავლებლები იმუშავებენ რეალურ კომპონენტებთან, შექმნიან საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროექტებს და მიღებულ პრაქტიკას დანერგავენ კლუბებში.

კვირის ამბები