საზოგადოება
17.06.2025 12:33
2025 წლის პირველ კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2025 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.7 პროცენტით (226.7 ლარით) გაიზარდა და 2 170.1 ლარი შეადგინა - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რეალური საშუალო თვიური ხელფასი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.8%-ით არის გაზრდილი.

„2025 წლის პირველ კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, მშენებლობა, ჯანდაცვა, ხელოვნება, განათლება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ა.შ.

ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნეს, ასევე, არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.3%-ით (184.2 ლარით) გაიზარდა და 2,169.6 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 16.1%-ით (300.9 ლარით) გაიზარდა და 2 170.9 ლარი შეადგინა.

2025 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებული მამაკაცების საშუალო თვიური ხელფასი 11.0 პროცენტით (258.0 ლარით) გაიზარდა და 2 601.3 ლარი შეადგინა. დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო თვიური ხელფასი 13.3 პროცენტით (204.1 ლარით) გაიზარდა და 1 744.2 ლარს გაუტოლდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები