17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღეა. თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს გამოაცხადა. საქართველოში კი 1999 წლიდან, გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენციასთან მიერთების შემდეგ აღინიშნება.
გარემოს დაცვის სპეციალისტების თქმით, საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში, გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია კაცობრიობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა და საფრთხეს მრავალ ადამიანს უქმნის. სულ უფრო მზარდია ნიადაგის დეგრადაციით გამოწვეული ზარალიც.
„გაუდაბნოება მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვისაც, როგორც მცირემიწიანი აგრარული ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენც ვიზიარებთ ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობას და გაუდაბნოების პრობლემების გადაჭრის კომპლექსურობის საჭიროებას – მიწის დეგრადაციის და მიწის მდგრადი მართვის კონტექსტში. მოსახლეობის, მათი შემოსავლებისა და ურბანიზაციის დონის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა მიწაზე, რათა დაკმაყოფილდეს სურსათის, ცხოველთა საკვების და ტანსაცმლისათვის საჭირო ბოჭკოს/ნედლეულის საჭიროება. ამავდროულად უარესდება მიწების პროდუქტიულობა, კლიმატის ცვლილების შედეგად.
ეს დღე კი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, მორიგ შეხსენებას და გზავნილს საზოგადოების ყველა ფენისთვის, რომ მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა და პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ყველა რგოლის და ყველა დონეზე აქტიური ჩართულობით და თანამშრომლობით,“ - აღნიშნავენ ეკოლოგები.