რეგიონი
13.06.2025 15:00
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალტეტის სამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ოკამში, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკში მიმდინარე სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გაეცნენ.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ ოკამში გზის 1 202 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრეებიც. პროექტი, რომლის ღირებულება 681 000 ლარს შეადგენს, მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა.

რაც შეეხება ლავრისხევს და ლავრისხევის სააგარაკე დასახლებას, დაგეგმილია 2.5 კმ-იანი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა. პროექტი ორეტაპიანია და მიმდინარე წელს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 1,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სოფელ ზემო ხანდაკში 1 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი.პროექტის ფარგლებში, ასევე, რეაბილიტირდება გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაოების ღირებულება 527 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები