საზოგადოება
13.06.2025 14:58
ივნისი იმუნოთერაპიის ცნობიერების ამაღლების თვეა

ივნისი იმუნოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

იმუნოთერაპია კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ფორმაა, რა დროსაც კიბოსთან საბრძოლველად გამოიყენება საკუთარი იმუნური სისტემა და მისი გააქტიურება სხვადასხვა მოქმედების მექანიზმის მქონე პრეპარატების გამოყენებით ხდება.

მედიკოსთა თქმით, იმუნოთერაპია მკურნალობის უნივერსალური მეთოდია, რადგან ერთი მედიკამენტი ყველა ტიპის ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება. მედიკამენტის საშუალებით კი ადამიანის ორგანიზმში ლიმფოციტები აქტიურდებიან და პროგრამირდებიან, მოკლან ყველა უჯრედი, რომელშიც ონკოლოგიური პრობლემაა. იმუნოთერაპიის მიზანია იმ მოლეკულის აღმოჩენა, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს საბოლოოდ გაანადგურებს.

„დღეისთვის აქტიურად გამოიყენება ექვსი იმუნოთერაპიული საშუალება. მათი დახმარებით ებრძვიან მეტასტაზურ მელანომას, ღვიძლის პირველად კიბოს, ფილტვის არაწვრილუჯრედოვან კიბოს, თირკმელების ავთვისებიან სიმსივნეებს, შარდის ბუშტის კიბოს, თავ-კისრის სიმსივნეებს და სხვადასხვა ტიპის ლიმფომას. მსოფლიოში 130-ზე მეტი კლინიკური კვლევა მიმდინარეობს უფრო ფართო სპექტრით და ძლიერმოქმედი იმუნოთერაპიული მედიკამენტების შესაქმნელად.

ბოლო ათწლეულების მეცნიერული და ფარმაცევტული ტექნოლოგიების ერთობლივმა მიღწევებმა კიბოს მკურნალობაში, ხელმისაწვდომი გახადა აქამდე არსებულისგან სრულიად განსხვავებული იმონოთერაპიული პრეპარატები. კიბოს სამკურნალოდ საქართველოში იმუნოთერაპიული მედიკამენტები სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებით გამოიყენება.

იმუნოთერაპია ონკოლოგიაში ერთ-ერთ რევოლუციურ მიდგომად ითვლება, რადგან ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ უშუალოდ კიბოს უჯრედების განადგურებას, არამედ ორგანიზმის იმუნური პროცესის გააქტიურებას, რომ ის უფრო ეფექტურად ებრძოლოს კიბოს“, - აცხადებენ დარგის სპეციალისტები.

2018 წელს მედიცინაში ნობელის პრემია ორ მეცნიერს - ამერიკელ ჯეიმს ელისონსა და იაპონელ ტასუკუ ჰონჯოს გადაეცა. მათ გამოიგონეს პრეპარატები, რომლებიც იმუნური სისტემის უჯრედებს სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლაში ეხმარება.

„ნობელით დაჯილდოების შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სიმსივნე დამარცხდა. ამ მეცნიერებმა შეძლეს ონკოლოგიაში სიკვდილიანობის შემცირება. თუმცა, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ კაცობრიობამ კიბო დაამარცხა“, - აღნიშნავენ მედიკოსები.

კვირის ამბები