შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ყოველწლიური კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის და ჩართულობის გაძლიერებას, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
რაც შეეხება კონკურსს, მონაწილეობის მიღება 18-დან 35 წლის ჩათვლით ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას (მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან), განაცხადების წარდგენის გზით შეუძლია.
„კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ახალგაზრდის/ახალგაზრდების ჯგუფის/ახალგაზრდული ორგანიზაციის უშუალო განაცხადით, ისე სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ან/და არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის წარდგინებით.
კონკურსი სამ ნომინაციაში გაიმართება: საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა; საუკეთესო სამშვიდობო იდეა და საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი. კონკურსის შედეგად თითოეულ ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულს ფულადი ჯილდო (3000 ლარის ოდენობით) გადაეცემა.
რაც შეეხება კონკურსის მონაწილეთა განაცხადებს, სახელმწიფო მინისტრის აპარატს 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით, ქართულ ენაზე, ელექტრონულ მისამართზე: press @ smr. gov. ge უნდა მოგვაწოდონ. გამარჯვებული კანდიდატების გამოცხადება და დაჯილდოება კი მშვიდობის საერთაშორისო დღის (21 სექტემბერი) აღნიშვნის ფარგლებში მოხდება“, - აცხადებენ უწყებაში.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკონ ნომერზე: 598 60 50 20 (საკონტაქტო პირი - სოფიო ლეთოდიანი).