საზოგადოება
12.06.2025 13:37
სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოყენებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოყენებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება სამინისტროს ინიციატივას ეფუძნება და მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვას, თევზჭერის ელექტროიარაღების სამართლებრივ კონტროლს და მათი შესაძლო არასამეცნიერო/უკანონო გამოყენების პრევენციას.

„აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2025 წლის 10 ივნისიდან. შესაბამისად, ყველა პირი ან ორგანიზაცია, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში იყენებს თევზმიმზიდ ელექტროშოკურ მოწყობილობას, ვალდებულია, აღნიშნული მოწყობილობა 10 ივნისიდან 2 თვის განმავლობაში დაარეგისტრიროს სპეციალურ ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო აწარმოებს.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციის განსახორციელებლად წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები