გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 125-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონო დაკავების 5 ფაქტი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 ფაქტი.
ანთაძის განცხადებით, ამჟამინდელი მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 10 მოქალაქე.
„წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონო დაკავების 5 ფაქტი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 ფაქტი. დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 10 მოქალაქე.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, შეხვედრის მთავარი თემა კვლავ იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი. გარდა აღნიშნულია, შევეხებით საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, კერძოდ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს, რომელთა რიცხვიც, როგორც მოგახსენეთ, გახლავთ შვიდი.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესმა მოიცვა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტები, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტში ფაქტები დაფიქსირდა დვანის, ავლევის, ატოცისა და ღოღეთის მიმართულებით, რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, აღნიშნული ინციდენტები დაფიქსირდა ერგნეთისა და დიცის მიმართულებით. რაც შეეხება აღნიშნული ინციდენტების ფორმას, ეს გახლავთ ხელოვნური უკანონო ბარიერების აღმართვა სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს მეტალის ბადეები თუ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები“, - აღნიშნა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.