რეგიონი
11.06.2025 10:55
შიდა ქართლში კიდევ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შიდა ქართლში, ქალაქ ხაშურში №2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

440 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა.

მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. რეაბილიტაციის შედეგად, განხორციელდა ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამუშაოები - სახურავის და კედლების დათბუნება, რაც ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

საგანმანათლებლო დაწესებულება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის ადაპტირებული იქნება.

„საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჩატარდა. დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის №2 საჯარო სკოლა 1927 წელს, ხოლო მისი ერთი ფლიგელი 1970 წელს აშენდა. მას შემდეგ, სკოლას რეაბილიტაცია არ ჩატარებია. რის გამოც შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა გადაუდებელ სამუშაოებს“, - აღნიშნულია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები