საქართველოს საპენსიო ფონდმა 31 მაისის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 622 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 მაისის მდგომარეობით დაგროვებითი პენსიით 19 640-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით კი 83.8 მლნ ლარი გაიცა.
რაც შეეხება საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის მაისის შედეგებს, ინფორმაციის თანახმად, მაისი ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა საერთაშორისო საფონდო ბირჟებისთვის.
„აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების შემსუბუქებამ და ინვესტორთა განწყობების გაუმჯობესებამ მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე აქციების ფასების ზრდა გამოიწვია, რაც დადებითად აისახა საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელებზეც.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა მაისის ბოლოსთვის 6.9 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა - 1.7 მილიარდ ლარს მიაღწია.
გლობალური ბაზრების ზრდა განსაკუთრებით პოზიტიურად აისახა დინამიკურ პორტფელზე და მაისის ამონაგებმა 2.42% შეადგინა. ამავე პერიოდში, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგები, შესაბამისად 1.84% და 1.25% იყო. პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება საერთაშორისო აქციების პროპორციაა: დინამიკური – 47.9%; დაბალანსებული – 30.3%; კონსერვატიული – 16.3%.
აღსანიშნავია, რომ მაისის თვის ძლიერი შედეგების ფონზე დინამიკური პორტფელი ლიდერობს. პორტფელების დაარსებიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე გაწლიურებულმა ამონაგებმა დინამიკური პორტფელისთვის 13.0% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 12.3% და 11.4% იყო“, - ნათქვამია საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.