სამართალი
10.06.2025 13:53
მეჯვრისხევში მამაკაცი თანასოფლელმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, ბრალდებული დაკავებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, 47 წლის მამაკაცმა ამავე ასაკის თანასოფლელს სანადირო თოფიდან გასროლით ცეცხლნასროლი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც, 1978 წელს დაბადებული ვ.ჯ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით კისრის არეში დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ, 1978 წელს დაბადებულ ვ.ჯ.-ს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კვირის ამბები