გორელი ფსიქოლოგის, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) წევრის - თემურ სამხარაძის წიგნის - „ნაკვალევი“ პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას სერგი მაკალათია სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს და 14 ივნისს 13:00 საათზეა დაგეგმილი.
„გიწვევთ ჩემი პირველი წიგნის „ნაკვალევის“ პრეზენტაციაზე, რომელიც ჩემთვის არ არის მხოლოდ წიგნის წარდგენა, არამედ აზრის მატერიალიზაცია, ფიქრის ხორცშესხმა და ერთგვარი შეხვედრაა თქვენთან და საკუთარ თავთან.
წიგნი შეიქმნა როგორც თვითგანვითარების დღიური - ფსიქოლოგიური გზამკვლევი იმ შიდა მარშრუტზე, რომელსაც თითოეული ადამიანი გადის უხმოდ: როცა ცდილობ საკუთარი თავის გააზრებას, ტკივილის დამუშავებას და იმ კვალის დანახვას, რომელსაც ცხოვრება ტოვებს შენში.
„ნაკვალევი“ ეხება იმას, რაც არ ითქვა, მაგრამ დარჩა.
რაც არ იქნა გამოხატული, მაგრამ იქცა იმედად.
ეს არის საუბარი სიჩუმეზე, ზუსტად იქ, სადაც სიჩუმე ხშირად ყველაზე ხმამაღლა ჟღერს.
მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი ფსიქოლოგიური „ნაკვალევი“ და ზოგჯერ მხოლოდ ერთი კითხვა, ერთი წინადადება ან ერთი წიგნი გვყოფნის, რომ ის გავიაზროთ და გარდავქმნათ“, - წერს სოციალურ ქსელში „ნაკვალევის“ ავტორი და ფსიქოლოგიით დაინტერესებულ მკითხველს წიგნის პრეზენტაციაზე ეპატიჟება.