ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს.
ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემას, პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
„საშემოსავლო პროექტებზე განაცხადების მიღების გარკვეული ვადები წინასწარ ცხადდება. პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებით, ერთჯერადი დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადების მიღება კი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით“, - აცხადებენ უწყებაში.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების ადმინისტრირების სამმართველოს ტელეფონის ნომერზე: 0322 14 02 42.