საზოგადოება
10.06.2025 12:42
სტუდენტებისთვის მიშო ვანიშვილის სახელობის ფოტოკონკურსი გამოცხადდა - ნამუშევრების მიღება 10 ივლისამდე გაგრძელდება

„ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის“ - მიშო ვანიშვილის სახელობის ფოტოკონკურსისთვის ნამუშევრების მიღება დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული, ბაკალავრიატის და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს/პროფესიულ სტუდენტებს.

„ფოტოკონკურსი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელის“ ფარგლებში ჩატარდება. საკონკურსო ფოტონამუშევრები უნდა გამოაგზავნოს ელფოსტაზე ir @ gu. edu. ge. სათაურში უნდა მიეთითოს შესაბამისი თემატიკა. საკონკურსო განაცხადი კი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: კონკურსანტის სახელი, გვარი; მოკლე ბიოგრაფია/რეზიუმე; ცნობა უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. კონკურსანტი ვალდებულია იყოს ნამუშევრის ავტორი და გააჩნდეს ამ ფოტოს ორიგინალი. დაუშვებელია ფოტოზე ავტორის ვინაობის/ფსევდონიმის/ლოგოტიპის მითითება/ან ჩარჩოთი გაფორმება. ამგვარი ფოტოები უპირობოდ მოიხსნება კონკურსიდან“, - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ჯილდოს და ჟიურის გადაწყვეტილებას, პროექტით გათვალისწინებული ფულადი სტიპენდიებია: I ადგილი - 1500 ლარი; II ადგილი - 1000 ლარი; III ადგილი - 500 ლარი; ხოლო ჟიური ნამუშევრებს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით განიხილავს, კერძოდ, კონკურსის თემა, ტექნიკური შესრულება, კომპოზიცია და ორიგინალურობა. ჟიურის შერჩეული 10 საუკეთესო ფოტო კი, უნივერსიტეტის მიერ დაიბეჭდება და უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეში გამოიფინება.

შეგახსენებთ, მიშო ვანიშვილი, 2021 წელს, 30 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა.

კვირის ამბები