კულტურა
10.06.2025 12:15
გორში, ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“ საკონკურსო ტური გაიმართა

ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლაში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“ რეგიონული საკონკურსო ტური გაიმართა.

კონკურსს კომპეტენტური ჟიური: ნუცა ჯანელიძე, მაია დათუნაშვილი, შიო აბრახამია, ნეკა სებისკვერაძე, მაია ჯამალაშვილი აფასებდა და ინდივიდუალურ შემსრულებლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებული ბავშვთა გუნდები მონაწილეობდნენ.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორებმა, მენტორებთან ერთად, სამი თვის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში წინასაფესტივალო მოსმენები ჩაატარეს, რის შემდეგაც რეგიონული საკონკურსო ტურები გაიმართა. რეგიონული საკონკურსო ტურიდან შერჩეული საუკეთესო შედეგების მქონე მოზარდები კი მარნეულში, ფესტივალის დასკვნით საკონკურსო ტურში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ფესტივალის გამარჯვებულები და ლაურეატები გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ 2016 წლიდან მარნეულში იმართება. ფესტივალის მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა, როგორც ქართველ, ასევე, ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკური წარმომავლობის მქონე მოზარდებში.

კვირის ამბები