გორელი ლევან მახათაძე პარამკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
რუმინეთში გამართულ შეჯიბრში პარასპორტსმენმა მარჯვენა მკლავით ჭიდილში უკრაინელი და სლოვაკი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება მარცხენა მკლავს, მახათაძემ უკრაინელ სლოვაკ და ქართველ პარასპორტსმენებთან წარმატებით იასპარეზა. ფინალში კი კვლავ სლოვაკეთის წარმომადგენელს შეხვდა და დამარცხდა, შესაბამისად, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მახათაძე პარამკლავჭიდში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია.
„მიღწეული წარმატებით ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ჩემი ქვეყანა კიდევ ერთხელ ვასახელე. მძიმე წონით კატეგორიაში ვიასპარეზე და ევროპის ჩემპიონი მესამედ გავხდი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მოვემზადები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც ბულგარეთში ჩატარდება და შევეცდები, რომ ჩემი გულშემატკივრის იმედი გავამართლო“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ლევან მახათაძემ.
საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში გოგონებს შორის მეორე, ვაჟებს შორის კი პირველი ადგილი დაიკავა.