შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად, შესაბამისი სამუშაოები ატიურად მიმდინარეობს დაბა სურამში, სადაც 11 ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
პროექტის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დაიგება ასფალტი და მოეწყობა სანიაღრე სისტემები, რისთვისაც 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
საგზაო ინფრასტრუქუტურის გარდა, ასევე, მიმდინარეობს სურამის ცენტრალური სტადიონისა და ყოფილი კინოთეატრის შენობის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
„ცენტრალური სტადიონის პროექტი ითვალისწინებს დაზიანებული ტრიბუნების დემონტაჟს, დამცავი კედლის მშენებლობას, სადრენაჟე სისტემის მოწყობას და გასახდელების რეაბილიტაციის სამუშაოებს. სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1 041 230 ლარს შეადგენს.
სურამის ცენტრალურ სკვერში, ყოფილი კინოთეატრის შენობაში კი მულტიფუნქციური ცენტრის განთავსება იგეგმება. კინოთეატრი დიდი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, ამჟამად, შენობა უკვე მუნიციპალიტეტს საკუთრებაშია და მისი სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. განახლებული შენობა სამუსიკო სკოლასა და სურამის ბიბლიოთეკას გააერთიანებს. აქვე განთავსდება სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ოფისიც. სურამის მულტიფუნქციური ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც 2 მილიონალმდე ლარს შეადგენს“, - აცხადებენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.
სურამში მიმდინარე სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, პარლამენტის წევრი ზაალ დუგლაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი გაეცნენ.
საკურორტო დაბა სურამის განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობას, ადგილობრივ მცხოვრებელებთან ერთად, დამსვენებლებიც შეძლებენ.