დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
უწყების ინფორმაციით, ირაკლი ფურცელაძეს კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2002 წლიდან - 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში - „ავერსი-ფარმა“ სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. 2011-2023 წლებში კი ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამავდროულად, 2016-2018 წლებში, სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.