საზოგადოება
06.06.2025 11:39
2025 წლის 1-ელი აგვისტოდან სესხის აღებისას ცვლილებები ამოქმედდება

750 ათას ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ, - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო და ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან შევა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, გადაწყვეტილება ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად მიიღეს.

„ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ინდუსტრიასთან კოორდინაციითა და მაკროეკონომიკური გარემოს და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან შევა,“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა.

კვირის ამბები