საზოგადოება
05.06.2025 13:22
აგროსტიპენდიატებისთვის შიდა ქართლში გასვლითი სასწავლო ტური გაიმართა

2023-2024 სასწავლო წლის აგროსტიპენდიატებისთვის შიდა ქართლში გასვლითი სასწავლო ტური გაიმართა.

სასწავლო ტურის ფარგლებში, მონაწილეები რამდენიმე აგროობიექტზე იმყოფებოდნენ, სადაც საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ მეწარმეებს, დაეთვალიერებინათ ინტენსიური ბაღები, სამაცივრე მეურნეობები, გაცნობოდნენ სეტყვასაწინააღმდეგო მოწყობილობებს და სარწყავი სისტემების ინოვაციურ ტექნოლოგიებს. სტიპენდიანტებმა დაათვალიერეს რეგიონში არსებული საკალმახე და სანერგე მეურნეობებიც, გაეცნენ ხარისხიანი ნერგის წარმოების ტექნოლოგიებს, Geo GAP ხარისხის მართვის სისტემებს და ქართული აგრარული პროდუქციის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებს.

ტურის ფარგლებში გაიმართა, ასევე, დისკუსიები თემებზე: აგრარული ცოდნის და ინოვაციების სისტემები GEO AKIS, კლიმატური ცვლილებების ზეგავლენა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნება, ტექნოლოგიური ინოვაციები სოფლის მეურნეობაში.

როგორც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათების ცენტრში აღნიშნეს, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს დარგით დაინტერესებული პირების მოტივაციის ზრდას, ცოდნის გავრცელებას და აგრარული სფეროს პოპულარიზაციას. ტურის მიზანი კი იყო დარგის მომავალი სპეციალისტების და ფერმერების პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, ინოვაციური აგროტექნოლოგიების გაცნობა და ადგილობრივ ფერმერთა წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

ცნობისთვის, სასწავლო ტური განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში „პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემების მოდერნიზება“ პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) მხარდაჭერით და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, ადგილობრივი ფერმერების და აგროასოციაციების მხარდაჭერით.

კვირის ამბები