რეგიონი
05.06.2025 12:54
ხაშურში 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი, დედა კი უგონო მდგომარეობაში ნახეს

შიდა ქართლში, ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა.

როგორც მეზობლები ამბობენ, ქალი კომატოზური მდგომარეობით ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზის თანამშრომელია და შემთხვევის დროს მორიგეობაში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, გარდაცვლილ ბიჭს ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები აღენიშნებოდა (ცერებრალური დამბლა) და მკურნალობა ინტენსიურად უტარდებოდა, რაც შეეხება დედას, თვითმხილველთა თქმით, ქალთან ადგილზე დახვდათ პირნაღები მასაც. მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ამ ეტაპზე, საკვებისმიერი ინტოქსიკაცია განიხილება, რაც შეეხება ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ალბათობას, როგორც ახლობლები ამბობენ, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და აირის გაჟონვა არ ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კვირის ამბები