რეგიონი
04.06.2025 15:47
„ახალი ბანას“ მშენებლობის მიმდინარეობას რეგიონული განვითარების მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში „ახალი ბანას“ მშენებლობა მიმდინარეობს.

მასშტაბური მშენებლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2017 წელს დაიწყო და პროექტის ავტორი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონია (ცაკაშვილი).

მეუფე სვიმეონის განმარტებით, ტაძრის მშენებლობის მიზანი მომავალი თაობებისთვის ბანას ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა და ეკლესიაში საგანმანათლებლო და კულტურული კერის ჩამოყალიბებაა.

მისი თქმით, „ახალი ბანა“ უნიკალური კომპლექსია, რომლის ფარგლებშიც ერთ სივრცეში იგეგმება გაერთიანდეს სამონასტრო, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, კულტურული და საზოგადოებრივი სივრცეები.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, პარლამენტის წევრმა ზაალ დუგლაძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა ქალაქ ხაშურში, „ახალი ბანას“ მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი დაათვალიერეს და მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.

მეუფე სვიმეონმა ხელისუფლების წარმომადგენლებს და სტუმრებს დეტალურად გააცნო კომპლექსის კონცეფცია, ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობა და მისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის მთავარი ტაძარი ტაო-კლარჯეთში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ბანას ტაძრის ანალოგია - ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლის ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში.

სტუმრებმა დაათვალიერეს, ასევე, ბანას კომპლექსის მიმდებარედ არსებული ახლადაშენებული პროფესიული სასწავლებელი, სადაც ახალგაზრდებს და ახალი პროფესიების დაუფლების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ და იმ შესაძლებლობებს გაეცნენ, რასაც სასწავლებელი სტუდენტებს სთავაზობს.

კვირის ამბები