იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის.
აღნიშნული გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად მიიღო.
ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით, სააგენტომ დევნილი ოჯახების მონიტორინგი განახორციელა და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე შეისწავლა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტმა ბოლო წლებში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. 2025 წლის ბიუჯეტში დევნილი ოჯახებისთვის სახლების შესყიდვის მიზნით 70 მილიონ ლარამდე გამოიყო.
მიმდინარე წელს, სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება“, - აცხადებენ სააგენტოში.