გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიიღება დღეიდან, 3 ივნისიდან განახლდა.
აღნიშნული პროგრამა გადამამუშავებელი საწარმოების შექმნით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსებით ისარგებლონ.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა.
„პროექტის ფარგლებში ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით განაცხადების მიღება დარჩენილი ბიუჯეტის - 1,5 მლნ ლარის ამოწურვამდე გაგრძელდება. თანადაფინანსდება განსაზღვრული პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30% (მაგრამ არაუმეტეს 350 000 ლარი). პროექტი, ითვალისწინებს დამატებით შეღავათებს იმ შემთხვევებში, თუ შემნახველი საწარმო აშენდება მაღალმთიანი დასახლებების და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე, თუ საწარმოს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი შექმნის. აღნიშნულ შემთხვევებში თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარით“, - აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება პროგრამის მიზნებს, მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა; ახალი ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს შექმნა ან არსებული ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს გაფართოება/მოდერნიზება; გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესება; სანედლეულო ბაზის განვითარება და სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდაა.
აღანიშნავია, რომ გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი.
ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოების შექმნა/მოდერნიზება/გაფართოება კი დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.