იმ პირებს, რომლებიც საჯარო სამსახურში მრჩევლებად არიან დასაქმებული და ანაზღაურებას იღებენ, მრჩევლის საქმიანობას განხორციელება უსასყიდლოდ მოუწევთ.
უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის მრჩევლების საქმიანობა, რომლებიც მრჩევლის უფლებამოსილებას სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად განახორციელებენ, არაანაზღაურებადი იქნება.
აღნიშნული ინიციატივა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებითაა გათვალისწინებული.
კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დააინიცირეს პარლამენტში.
მოქმედი კანონი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურებადი მრჩევლის აყვანის შესაძლებლობას ითვალისწინებს. პარლამენტში წარდგენილი ცვლილების გათვალისწინებით კი, მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა ხდება. აღნიშნული რეგულაცია ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე გავრცელდება, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა.
„მრჩეველის პოზიცია მისი არსიდან გამომდინარე არ არის დატვირთული და ტოლფასი საჯარო სამსახურში სხვა ფორმით დასაქმებული პირებისა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირის მრჩევლების საქმიანობა ანაზღაურებადი არ იყოს“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.