საზოგადოება
03.06.2025 14:22
მიმდინარე წლის ხუთ თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 744 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

მიმდინარე წლის ხუთ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 744 ფაქტი გამოავლინეს. 33 უკანონო სახერხი საამქრო კი დალუქულია.

უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 62 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 27 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 21-21 ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში. კახეთში დაფიქსირდა 17 სამართალდარღვევა, იმერეთში - 11, ქვემო ქართლში - 5, სამცხე-ჯავახეთშიც - 5, მცხეთა-მთიანეთში - 4, შიდა ქართლში - 3, თითო-თითო სამართალდარღვევა კი გამოვლენილია გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

ჯამში, ამოღებულია 67 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.

„მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. სამართალდარღვევათა ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. პარალელურად, მკაცრდება სანქციები უკანონო ტყითსარგებლობაზე. კომპლექსურად, ყველა ამ ქმედების შედეგი ისაა, რომ ბოლო პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება შეინიშნება“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები