საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ქართული მართვის მოწმობები გამოცდის ჩაბარების გარეშე იტალიურ მართვის მოწმობაში გადაცვალონ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ ვლადიმერ ბორცვაძემ, მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით, იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრა გამართეს.
„შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმების შინაარსობრივი მხარე განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პროცედურების ოპერატიულად დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების ხელმოწერა.
საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ზემოხსნებული შეთანხმების გაფორმების მიზნით, მრავალი წელია მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკების პროცესი.
ამასთან, საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული ესპანეთთან, საბერძნეთთან და ირლანდიასთან“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.