საზოგადოება
03.06.2025 11:30
მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისები 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.

რაც შეეხება განრიგს, მატარებელი თბილისიდან 10:50 და 00:30 საათებზე გავა და მგზავრები ბათუმში, შესაბამისად, 16:40 და 06:05 საათებზე ჩავლენ.

ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი რეისები 18:30 და 00:45 საათებზე შესრულდება მატარებელი დედაქალაქში კი 23:47 და 06:02 საათებზე იქნება.

მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეძლებენ.

კვირის ამბები