გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში, სასკოლო შემოქმედებითი ოლიმპიადის გალა კონცერტი და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შემოქმედებით საღამოზე შესარჩევ ტურში საუკეთესო ნომრებად აღიარებული მოსწავლეთა გამოსვლები იყო წარდგენილი.
ჟიურიმ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.
I ადგილი - მეორე საჯარო სკოლამ, II ადგილი - მესამე საჯარო სკოლამ, III ადგილი კი მეთორმეტე საჯარო სკოლამ დაიკავა.
ჟიურის სიმპათია სვენეთის საჯარო სკოლა გახდა. რაც შეეხება ნომინაციებს, ქართული ხალხური ცეკვის საუკეთესოდ შესრულებისთვის - მეთერთმეტე, ქართული ხალხური სიმღერისთვის - მეექვსე, საესტრადო სიმღერისთვის - მეათე საჯარო სკოლა დაჯილდოვდა. ნომინაციაში - თავისუფალი ნომერი, პრიზი გორის მეშვიდე სკოლამ მიიღო. აქტიური მონაწილეობისთვის სიგელებით, ასევე, ახალდაბის და ბერბუკის საჯარო სკოლები დაჯილდოვდნენ.
„ვულოცავთ ყველა მონაწილეს და გამარჯვებულს! ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა მოსწავლეების შემოქმედებითი პოტენციალი, მათი უნარი - იმუშაონ გუნდურად, პასუხისმგებლობით და თავდაჯერებულად წარსდგნენ საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნეს გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში.