პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, ჯარისკაცებმა ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის N9 საჯარო სკოლაში გაცნობითი შეხვედრა გამართეს.
სამხედროება სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს თავდაცვის ძალების ისტორიის, სტრუქტურის, ჯარში მოხვედრის და სამსახურის ფორმების, სამხედრო განათლების მიღების და კარიერული წინსვლის, თავდაცვის ძალებში არსებული ბენეფიტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სტუმრებმა მოსწავლეებს ეროვნული და საერთაშორისო დონის სამხედრო სწავლებების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა სხვადასხვა ეპოქის ეროვნულ გმირებსა და მათი გმირობის ისტორიებზე მსჯელობა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ჩვენი ჯარი“ ჯარის პოპულარიზაციას, მის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული პრეზენტაცია თემატური ფოტო და ვიდეო მასალით იყო დატვირთული. ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და აქტიურ რეზერვთან დაკავშირებით, კითხვების დასმის და ამომწურავი პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ“, - აღნიშნეს სამხედროებმა.
ცნობისთვის, „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების სკოლებში ვიზიტები და მოსწავლეებთან შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სემესტრში აღმოსავლეთის, დასავლეთის, წვრთნების და სამხედრო განათლების სარდლობების წარმომადგენლები, საქართველოს მასშტაბით, 500-მდე სკოლას ეწვივნენ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ მომავალ, 2025-2026 სასწავლო წელს განახლდება.