საზოგადოება
30.05.2025 11:48
ინფრასტრუქტურის სამინისტრო შიდა ქართლში სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო შიდა ქართლში სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებას აგრძელებს. მათ შორის, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების, სკოლების და საბავშვო ბაღების, ასევე, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საბავშვო ბაღების და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში მიმდინარეობს.

ობიექტებზე მშენებლობის პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მინისტრმა, მოინახულა გორში, წმინდაწყლის დასახლებაში არსებული სტადიონი და მიმდებარე ტერიტორია, სადაც ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

რევაზ სოხაძე, ასევე, გაეცნო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საჯარო სკოლის და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას.

მინისტრის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, დაიგეგმა შიდა ქართლში განსახორციელებელი, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ღონისძიებები. პრიორიტეტი კი ახალი და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარება იქნება.

კვირის ამბები