შიდა ქართლში, ქალაქ ხაშურში ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს.
მიმდინარე სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, დირექტორის მოადგილეები და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
შიდა ქართლის სამხარეო ადემინისტრაციის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტი რამდენიმე ლოტისგან შედგება და პირველი ლოტის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აშენდება წყალარინების და მთლიანი ქალაქის წყალმომარაგების ქსელი. 2025 წლის ბოლოდან კი ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფაა დაგეგმილი.
რაც შეეხება პროექტს, კონტრაქტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 200 კმ. წყალმომარაგების და 45 კმ. წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები. უკვე დასრულებულია წყალმომარაგების 140 კმ. ქსელის მოწყობა, შესრულებულია 5 200 ცალი სახლის მიერთება, ასევე, მოწყობილია წყალარინების 14 კმ. ქსელი და 482 ცალი სახლის მიერთება, დამონტაჟებულია 400 ჭა.
სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad.Tic. A.S. ახორციელებს. სამუშაოები საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს (ღირებულება 145 მილიონ ლარზე მეტია).
როგორც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ხაშურის წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, რეზერვუარების და მაგისტრალური მილების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დაგეგმილია, ასევე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, სატენდერო პროცედურები ფინანსური წინადადებების შეფასების ეტაპზეა. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტის ფარგლებში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა მზის პანელები, რაც შემდგომში ელექტროენერგიის ხარჯს შეამცირებს.
გარდა ამისა, ჩატარდება ხაშურის წყალარინების ქსელების განვითარების მეორე ეტაპის სამუშაოებიც, რომლის ფარგლებშიც ქალაქის დარჩენილ ნაწილში წყალარინების ქსელი აშენდება.
„დღეის მდგომარეობით, ხაშურში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები მოძველებულია, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ქალაქს წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, ხაშურის მოსახლეობა - 40 000 ბენეფიციარი, 24-საათიანი წყალმომარაგებით და წყალარინების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
ხაშურის წყლის და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და ევროკავშირის მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში, 300 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.