გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევები გამოვლენილია აჭარაში - ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, სამეგრელოში - ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, იმერეთში - წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, შიდა ქართლში - ხაშურის მუნიციპალიტეტში, კახეთში - ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-მთიანეთში - თიანეთის მუნიციპალიტეტში და სამცხე-ჯავახეთში - ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაძვის სახეობის 15 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს.
„ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 35 ერთეული მორი და დაახლოებით 51 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, თევზჭერის, ნადირობის და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აცხადებენ დეპარტამენტში.