საზოგადოება
27.05.2025 14:26
ამსტერდამში, საერთაშორისო გამოფენაში ათი ქართული კომპანია, მათ შორის, „კულა“ მონაწილეობდა

ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში World of Private Label International Trade Show ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს სტენდზე საკუთარი პროდუქცია კომპანია „კულამაც“ წარადგინა, რომელიც წლებია გორში სხვადასხვა სასურსათო პროდუქტს ქმნის.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული აგროპროდუქცია: ღვინო, თხილი, ჩაი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები.

„ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ხელს უწყობს ქართული მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას და გაყიდვების ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე“,  - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ.

გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლების თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სავაჭრო პარტნიორების მოძიების და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების კუთხითაც.

ცნობისთვის, საერთაშორისო გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან 3 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე, საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობის და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი სექტორი. 

 

კვირის ამბები