26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გორში მასშტაბურად აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და პარლამენტის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მოედანზე მოწყობილი სხვადასხვა კუთხე დაათვალიერეს და შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
26 მაისი არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ბრძოლის სიმბოლო, მრავალსაუკუნოვანი ბრძოლისა თავისუფლებისთვის, რომელსაც დღესაც განმტკიცება, გამყარება სჭირდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გორში ყოფნისას განაცხადა.
როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, დღეს, როგორც არასდროს, საქართველო ძლიერია, საქართველო იმყარებს თავის სუვერენიტეტს, იმყარებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე.
,,ვულოცავ მთელი საქართველოს მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ბრძოლის სიმბოლო, მრავალსაუკუნოვანი ბრძოლისა თავისუფლებისთვის, რომელსაც დღესაც განმტკიცება, გამყარება სჭირდება. დღეს, როგორც არასდროს, საქართველო ძლიერია, საქართველო იმყარებს თავის სუვერენიტეტს, იმყარებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე და მე ყველას მივულოცავ დღევანდელ დღეს, ვუსურვებ საქართველოს, რომ იყოს კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო დამოუკიდებელი, უფრო სუვერენული და თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ, რომ მათ თავი ბედნიერად ეგრძნოთ ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს პროტესტს გამოხატავენ, აუცილებლად დადგებიან საქართველოს სიყვარულის სადარაჯოზე, აუცილებლად შემოგვიერთდებიან ჩვენ და ერთად ავაშენებთ ძლიერ, ერთიან საქართველოს“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეებს გორში უმასპინძლა, სადაც ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილ ისტორიულ ინსტალაციებს, საგამოფენო სივრცეებს, იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილ საინფორმაციო და საგამოფენო სტენდებს, მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენას.
ამასთან, გორის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, სადაც სამხედრო ინსტრუქტორები ყველა დაინტერესებულ პირს აწვდიდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობა გაიმართა, მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი სივრცე და პარალელურ რეჟიმში, მტელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
,,სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების და თავისუფლების დღეა. დამოუკიდებლობის დღე არა მხოლოდ ისტორიული თარიღია, არამედ, ჩვენი გმირების თავგანწირვაა და ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების მომავლის იმედია. დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისკენ მისწრაფების გამოხატულებაა, აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი გავერთიანდით და მივიღეთ ის, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა. დღევანდელი დღე ასევე გვახსენებს, რომ სამშობლო მხოლოდ მიწა არაა, იდეაა - მამული, ენა, სარწმუნოება, რაზეც დგაც ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ყველას დღევანდელი დღე, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში სიმონ გულედანმა.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა და სულხან ცინცაძის სახელობის გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გორში საზეიმო გალაკონცერტით დასრულდა.
ინფორმაციისთვის, 107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. არასრული სამი წლის თავზე, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.