საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერები გაზრდილ თანადაფინანსებას მიიღებენ.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ცვლილებების თანახმად, თუ დაზღვევის ობიექტი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მდებარეობს, სააგენტოს თანადაფინანსება 70%-ის ნაცვლად, 75%-ით განისაზღვრება.
გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიას საშუალება ეძლევა, მეტად ოპერატიულად და ზუსტად შეაფასოს დაზარალებულთა რაოდენობა და ზარალის ხარისხი, ასევე, შეამციროს იმ შეტყობინებების რაოდენობა, რომელიც რეაგირებას არ მოითხოვს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის 1-ელი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).