რეგიონი
23.05.2025 12:49
შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, უწყებაში საკვებისმიერი ბოტულიზმით დაავადების შემთხვევის გამოვლენის შესახებ შეტყობინება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა და სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა მოკვლევა ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყეს.

„არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა ქარელში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში - „ახალი ხორცი“, სადაც მოქალაქემ, რომელსაც შემდგომ ბოტულიზმი დაუდგინდა, შებოლილი ლორი შეიძინა.

ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ი/მ „ბესიკ ნაყიშაშვილი“) კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა. ბიზნესოპერატორი  ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა.

სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა შებოლილი ლორის მწარმოებელ ბიზნესოპერატორთანაც (ი/მ „ვახტანგ ლომიძე“, მის: ქ. ხაშური, იმერეთის ქ. N54). საწარმოში გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

დადგინდა, რომ მეწარმე  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და აღიარების გარეშე საქმიანობდა, დარღვეული იყო მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საწარმოში არ არის დანერგილი HACCP სისტემაც.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული/შებოლილი ხორცის, თევზის, ასევე, დაკონსერვებული სურსათის მოხმარებისგან“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოტულიზმი მწვავე ტოქსიკო-ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. ბოტულიზმის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია სანიტარიული და ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვა საკვები პროდუქტების კონსერვირებისას.
კვირის ამბები