რეგიონი
23.05.2025 12:40
შიდა ქართლში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტდარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.

შენობა ორსართულიანია და სრულად მოერგება როგორც სპორტსმენების, ასევე, მაყურებლის საჭიროებებს.

პირველ სართულზე საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, გასახდელები, საშხააპეები, სველი წერტილები, ასევე, სამედიცინო და ადმინისტრაციული ოთახები, შენობის მეორე სართულზე კი მაყურებლისთვის გათვალისწინებული ტრიბუნები და სპორტული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე მოეწყობა. გარდა ამისა, იგეგმება სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სასტუმროს მშენებლობაც, რაც ობიექტს მეტად ფუნქციურს გახდის.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მშენებლობისთვის 5 928 361 ლარია გამოყოფილი.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი გაეცნენ.

კვირის ამბები